კახა ბაინდურაშვილი ადასტურებს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხარჯების დამალვის მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა
კახა ბაინდურაშვილი ადასტურებს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხარჯების დამალვის მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხარჯების დამალვის მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა.

კახა ბაინდურაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ საქმის განხილვის ფარგლებში, ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა.

პროკურორებმა მოწმეს ჰკითხეს, კონკრეტულად რა მიზნით სურდა მიხეილ სააკაშვილს სდსს-ს ბიუჯეტის გაზრდა და რა დაასახელა 2011 წელს გამართულ შეხვედრაზე ამის მოტივად, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას ვერ მოახდენს.

პროკურორმა გიორგი მუჯირმა კახა ბაინტურაშვილს წაუკითხა მისივე ჩვენება, რომელიც გამოძიებას მისცა. აღნიშნული ჩვენების მიხედვით, ბაინდურაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა მას დაავალა სდსს-ს ბიუჯეტის გაზრდა, რადგან აღარ სურდა მისი პირადი ხარჯების შესახებ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საზოგადოებასა და არასამთავრობოებს სცოდნოდა, რადგან ეს ხარჯები გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო.

„პრეზიდენტმა მითხრა, არ მინდა რასაც გავაკეთებ, მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ჩემი სარეზერვო ფონდიდან აღარ გამოვა მაგ ხარჯების დაფინანსება. ხომ იცი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ხარჯების გამჭვირვალობას ითხოვენ, ამიტომ სჯობს 2011 წელს პირდაპირ სდსს-ს გავუზარდოთ ბიუჯეტი“, – აღნიშნულია ბაინდურაშვილის ჩვენებაში, რომლის ციტირება პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოახდინა.

კახა ბაინდურაშვილმა დღეს დაკითხვისას დაადასტურა, რომ ბიუჯეტის ზრდა სდსს-სთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და მაშინ პირადი ხარჯების გაღება სდსს-ს კომპეტენციაში არ შედიოდა, რისი სამართლებრივი უზრუნველყოფაც თავის თავზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო.

ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით, გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა სდსს-ს მაშინდელ ხელმძღვანელთან და ამ დროისთვის ბრალდებულ თემურ ჯანაშიასთან, რომელიც ბიუჯეტი გაზრდის წინააღმდეგი იყო.

კახა ბაინდურაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, ისევე როგორც დარბაზში დაკითხვისას, თავი შეიკავა მიხეილ სააკაშვილთან იმ საუბრის ციტირება მოეხდინა, განსხვავებით გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისა. დღევანდელი სხდომის გადადების შემდეგ, მან მოკლე კომენტარი გააკეთა.

“სააკაშვილმა დამავალა, რომ კონკრეტული ხარჯები გაუზარდე მხარჯველ დაწესებულებასო. შესაბამისად, გაეზარდა მას ხარჯები. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიხეილ სააკაშვილის მოტივაციას მე ნუ მეკითხებით. ათჯერ რომ დამისვათ ეს კითხვა, იგივე პასუხს მიიღებთ. ეს იყო ძალიან მარტივი დავალება, რომელიც გაიცა და რომელიც შესრულდა. მომცა დავალება ხარჯები გაწეულიყო ამ კონკრეტული ორგანიზაციიდან. შესაბამისად, გაიზარდა ხარჯები”, – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

რატომ იყო სდსს-ს ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგი თემურ ჯანაშია, ამაზე განმარტება თავად ბრალდებულმა გააკეთა.

„ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგები ვიყავით, რადგან ეს კიდევ ერთი დატვირთვა იყო სამსახურისთვის. ამის განხორციელება ტექნიკურად რთული იყო და აუცილებელი იყო თანამშრომლების მობილიზაცია.
კანონი გვავალდებულებდა საბიუჯეტო თანხების ათვისება და გვინდოდა თუ არა, უნდა შეგვესრულებინა განკარგულება. შემდგომში კანონითაც დარეგულირდა ეს და ზედმეტი დატვირთვა კი იყო ჩვენთვის, მაგრამ კანონიერი საფუძველი ამ თანხების არმიღების არ გვქონდა”, – განაცხადა ჯანაშიამ.

რაც შეეხება ბაინდურაშვილის დაკითხვას, ის არ დასრულებულა – უკვე დაცვის მხარის შეკითხვებით დაკითხვა 30 იანვარს გაგრძელდება. სხდომა ადვოკატების შუამდგომლობით გადაიდო.