კაკაოს ფასი ეცემა – მაშინ, რატომ რჩება შოკოლადი მაინც ძვირი?
კაკაოს ფასები ეცემა, მაგრამ ანალიზის თანახმად, ეს უახლოეს მომავალში შოკოლადის გაიაფებას არ გამოიწვევს
ბოლო ორი წლის განმავლობაში, კაკაოს ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი ამინდის არასახარბიელო პირობები და მცირე მოსავალი იყო, რამაც შოკოლადის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა და მომხმარებელთა მოთხოვნა შეამცირა. ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNBC-ის ანალიზშია ნათქვამი.
კაკაოს ფასი, რეკორდული ზრდის შემდეგ, მართალია, კლებას იწყებს, მაგრამ კომპანია „ბრეშნას“ ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ ეს უახლოეს პერიოდში შოკოლადის გაიაფებას გამოიწვევს.
კაკაოს ფასის დაღმასვლის ტენდენცია პარასკევის მონაცემებითაც დასტურდება, როდესაც კაკაოს ფიუჩერსების ფასი ერთ მეტრულ ტონაზე 5 327 დოლარამდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34-პროცენტიანი კლებაა. შედარებისთვის – 2024 წლის ბოლოს, კაკაოს ფასი ერთ მეტრულ ტონაზე თითქმის 12 000 დოლარს აღწევდა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კაკაოს ფასი, როგორც წესი, ერთ მეტრულ ტონაზე 2 000-დან 3 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებლები, „ბარი კალებაუტი“, „ლინდტი“ და „ნესტლე“ აცხადებენ, რომ კაკაოს ფასის მკვეთრმა ზრდამ მათ ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
კაკაოს ფასის ასეთი მკვეთრი მერყეობა, ძირითადად, დასავლეთ აფრიკაში სუსტი მოსავლით არის გამოწვეული. მოსავლის შემცირებას ხელი შეუწყო „ელ-ნინიოს“ ფენომენთან დაკავშირებულმა ამინდის პირობებმა და კლიმატის ცვლილებამ, რამაც კაკაოს მიწოდება შეზღუდა.
UBS-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ივლისის დასაწყისში „ლინდტის“ შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ახლახან დაფიქსირებულმა სიცხის ტალღამ, შესაძლოა, მომხმარებელთა ინტერესი შოკოლადის მიმართაც შეამციროს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმაც მოკლევადიანი, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია – ამ ნაბიჯმა ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა „ლინდტის„ გლობალური საცალო ვაჭრობა, განსაკუთრებით აეროპორტებსა და სხვა სამგზავრო ობიექტებში, დააზარალა, რადგან ტურისტების რაოდენობა შემცირდა.
იმ ფონზე, როდესაც კაკაოს ფასების ზრდა კვლავ არის მოსალოდნელი, შოკოლადის მწარმოებლები ცდილობენ, თავიანთი ძირითადი მომხმარებლები ახალი, პრემიუმ კლასის პროდუქტებით დაიბრუნონ. ამასთან, ისინი ყურადღებით აკვირდებიან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ტენდენციებს, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებს იზიდავს.