კაია კალასი უკრაინის მიერ ნავთობის გადამამუშავებელი რუსული ქარხნების დაბომბვას „ლეგიტიმურ თავდაცვად“ მიიჩნევს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას „ლეგიტიმური თავდაცვა“ უწოდა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ევროსნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთის აგრესიული ომის დასრულების ლეგიტიმური საშუალებაა და ამ ყველაფრის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა ომის შეჩერებაა.
„თუ საერთაშორისო სამართალს გადავხედავთ, ცხადია, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა უკრაინის თავდაცვას წარმოადგენს, რადგან სწორედ იქიდან მოდის დაფინანსება იმ ომისთვის, რომელიც ყოველდღიურად უკრაინელების მკვლელობას იწვევს“, – განაცხადა მან „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„თუ ფართო სურათს შევხედავთ, ამ ომის დაფინანსების უდიდესი ნაწილი ნავთობიდან მოდის. სწორედ ამიტომ უტევს უკრაინა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მაშინ როდესაც რუსეთს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა აქვს სამიზნედ ქცეული, რათა უკრაინელ ხალხს მოსალოდნელ ზამთარში რაც შეიძლება მეტი ტანჯვა მიაყენოს“, – ამბობს კალასი.
კალასმა განაცხადა, რომ ომს ჰყავს მკაფიო აგრესორი და მსხვერპლი, და რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ნაცვლად რუსეთზე ზეწოლაში ევროპელებს უნდა შეუერთდეს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, ვაშინგტონის თხოვნით, უკრაინელმა სამხედროებმა შეაჩერეს ეს დარტყმები, თუმცა რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს განაგრძობდა, შესაბამისად, კიევი განაახლებს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიშებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინამ რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანია საგრძნობლად გააძლიერა და მხოლოდ სექტემბერში 12 მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, აგვისტოს ბოლოსთვის რუსეთის 32 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მხოლოდ ხუთმა შეძლო უკრაინული დრონების თავდასხმების თავიდან აცილება, ხოლო ზოგიერთ ობიექტს 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 15-ჯერაც კი დაესხნენ თავს.