კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც არის საუბარი
კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც არის საუბარი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა წევრ ქვეყნებს დოკუმენტი გაუზიარა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის ხედვას, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დოკუმენტში ერთ-ერთი ულტიმატუმი საქართველოს ეხება, რომლის თანახმად, უნდა აიკრძალოს რუსეთის სამხედრო ყოფნა და განლაგება ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში.

ევროკავშირის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების დონის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

სადისკუსიო დოკუმენტში, სახელწოდებით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ხაზგასმულია, რომ მშვიდობა ან უსაფრთხოება „მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის ყოფნისა და ევროკავშირის ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“ შეუძლებელია. დოკუმენტი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით „ევროკავშირის მაქსიმალისტურ“ შეხედულებას წარმოადგენს.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ევროკავშირი უპასუხებს რუსი მაქსიმალისტების მოთხოვნებს უკრაინის მიმართ.

კრემლი ჯერჯერობით უარს არ ამბობს თავის მიზანზე, გააკონტროლოს დონბასის მთელი რეგიონი და ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების მიღწევის შემდგომ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ნატო-ს ჯარების განლაგებას დასავლეთ უკრაინაში; რუსეთი, ასევე, უარს აცხადებს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

კიდევ ერთი-ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა, რომელიც იცნობს დოკუმენტს, აღნიშნა, რომ საუბარი ასევე უნდა მიდიოდეს იმაზე, თუ რას გააკეთებს რუსეთი.

„მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინის დათმობას არ ეხება. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, ვიდრე იქ რომელიმე წარმომადგენელს გავაგზავნით“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.

რადიო „თავისუფლების“ თანახმად, ევროკავშირის დედაქალაქებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები ევროკავშირის წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის შესახებ, რომელიც კონკრეტულად რუსეთთან იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შეთანხმება, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი ან რა იქნება მისი მანდატი.

მოსალოდნელია, რომ დოკუმენტის ცალკეული ნაწილები მაინც შეიძლება გახდეს განხილვის საგანი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 23 თებერვალს ბრიუსელში.

პირველ თავში, სახელწოდებით „რუსეთი სამომავლოდ პატივს სცემს სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, მთავარი იდეაა, რომ უკრაინა თუ შეზღუდავს თავისი ჯარების რაოდენობას ან თუნდაც გაიყვანს მათ ზოგიერთი ტერიტორიიდან – რაც განიხილებოდა აშშ-ს შუამავლობით მოლაპარაკებების დროს – მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს.

დოკუმენტის პირველი თავი ასევე მოითხოვს, რომ არ მოხდეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეიურე აღიარება და განხორციელდეს ამ ტერიტორიების დემილიტარიზაცია.

შემდეგი თავი, „უსაფრთხო და სტაბილური ევროპა“, მოიცავს მოთხოვნას, რომ „რუსეთმა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევები, საჰაერო სივრცის დარღვევები და ევროპის ტერიტორიაზე და მეზობელ ქვეყნებში არჩევნებში ჩარევა“.

მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის მოწოდება მოიცავს ომის დანაშაულებისთვის საყოველთაო ამნისტიაზე უარის თქმას და საერთაშორისო გამომძიებლებისთვის სავარაუდო ომის დანაშაულების ადგილებზე წვდომას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არცერთი რუსული შიდა კანონი არ უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ვალდებულებას განსაზღვრავს.

რაც შეეხება რეპარაციებს, ტექსტში აღნიშნულია, რომ „რუსეთმა უნდა აანაზღაუროს და წვლილი შეიტანოს უკრაინის რეკონსტრუქციაში, ევროპული სახელმწიფოებისა და ევროპული კომპანიებისთვის მიყენებული ზიანისთვის, ასევე მის მიერ მიყენებული ეკოლოგიური ზიანისთვის“.

საბოლოო მოთხოვნები რუსეთში არსებულ შიდა ვითარებას ეხება, სადაც დოკუმენტი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საერთაშორისო მონიტორინგით, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, დეპორტირებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დაბრუნებას, მედიის თავისუფლებას, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმებას, „ისტორიული ფალსიფიკაციის და სხვა კანონების შეწყვეტას, რომლებიც დისიდენტობის კრიმინალიზაციას ახდენენ და დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დელეგიტიმაციას ახდენენ“; ასევე, თანამშრომლობას რუსი ოპოზიციის ლიდერების, ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის მკვლელობების გამოძიებაში.