კაია კალასი - ვფიქრობ, გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი
კაია კალასი - ვფიქრობ, გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი

ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი საქართველოსთვის, ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებობს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის იმედის მიცემა, ევროპული პერსპექტივის იმედის მიცემა. ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, გარკვეული პოლიტიკური დრო, როდესაც ყველა ერთმანეთს ჰკიდებს ხელს და ყველაფერს აკეთებს აუცილებელი რეფორმებისთვის. ჩვენ ახლა ამას ცხადად ვხედავთ უკრაინაში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ პირობებთან, რომლებსაც უნდა მიჰყვეთ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ევროკავშირის წევრობა“, – განაცხადა კაია კალასმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.