კაია კალასი - რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს და ნათელს ხდის, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს და ნათელს ხდის, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.
„ცხადია, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა, მოლდოველებს სურთ მშვიდობა, უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პუტინი თავდასხმებს აძლიერებს და ნათელს ხდის, რომ მას არ სურს მშვიდობა. მშვიდობისთვის ორი მხარეა საჭირო, ომისთვის კი – მხოლოდ ერთი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა”,- განაცხადა კალასმა.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ შევთანხმდით დამატებით 60 მილიონი ევროს პაკეტზე მოლდოვისთვის. ეს ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაეხმაროს რუსული რაკეტებისა და დრონების მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის პრევენციას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოლდოვას თავდაცვის ძალების მოდერნიზებაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა კალასმა.