კაია კალასი – რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს, დაფიქრდით, აქ, ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ დასხდებოდით ბინ ლადენთან და ეტყოდით, „კიდევ რას ისურვებდი?“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ნატო უკრაინას უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიას სთავაზობს.
ამის შესახებ კაია კალასმა AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს, გარდა იმისა, რაც უკვე გააკეთეს – უკრაინაზე თავდასხმა, ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა, ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ რაღაცის შეთავაზება? დაფიქრდით, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ თქვენ დასხდებოდით ბინ ლადენთან და ეტყოდით: „კარგი, კიდევ რას ისურვებდი?“ იმას ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, „დაივიწყოს“ ნატო-ში გაწევრიანება და განმარტა: „ვფიქრობ, ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი დაიწყო“.
კალასის შეფასებით, ეს რუსული ნარატივია.
„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებს არასოდეს შეუტევიათ რუსეთისთვის, რომელსაც „დემოკრატიის ეშინია“.
„რატომ ვართ ნატო-ში? ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს ქოლგაა“, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ნებისმიერ გარიგებაში „ევროპელები უნდა იყვნენ ბორტზე“.
ვაშინგტონში ვიზიტის დროს AFP-თან ინტერვიუში კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელები ვერ შეძლებენ, დაეხმარონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, თუ დონალდ ტრამპი მათ მოლაპარაკებაში არ ჩართავს.