კაია კალასი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, სადაც აშშ-თან ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს.
„შეხვედრის მიზანი იქნება ინფორმაციის გაზიარება და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და უკრაინასთან უახლესი კონტაქტების შეჯამება“, – აცხადებს კაია კალასი.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.