კაია კალასი – ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძალაში

19:40, 12.10.2026

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ალიანსის გაფართოების გავლენა უსაფრთხოებაზე, გაფართოება ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია, ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის გაზრდას, ეს ეხება ევროპის უფრო უსაფრთხოდ ქცევას და გეოპოლიტიკურად მეტად გაძლიერებას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ კანდიდატ ქვეყანას უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის უსაფრთხოებაში.

„უკრაინა, რა თქმა უნდა, ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზშია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მოლდოვა და ჩვენი დასავლეთ ბალკანელი პარტნიორები მონაწილეობენ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააღრმაონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კანდიდატ ქვეყნებთან, მათი პროგრესისა და ევროკავშირთან თავსებადობის საფუძველზე. ეს ნიშნავს მათ ინტეგრაციას ევროპულ თავდაცვით ჩარჩოებში, ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაფართოებას, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის უკეთ გამოყენებას. გაფართოება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ძალაში. დღეს მინისტრებს შორის იყო მხარდაჭერა უკრაინა-რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებთან დაკავშირებით ზავის თაობაზე, იმ პირობით, თუ მოსკოვი დაიცავს მას. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა  ვერ იმოქმედებს, თუ მას მხოლოდ ერთი მხარე დაიცავს. არსებობს მკაფიო გაგება იმისა, რომ ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო. სწორედ ამიტომ დღეს მინისტრებმა სასანქციო სიაში თითქმის 1 600-მდე ახალი პირი დაამტკიცეს, რაც მიმართულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე დიდი გაფართოება რუსეთის ომის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა კალასმა.

კაია კალასის განცხადებით, ევროპამ დღეს ერთიანობა აჩვენა.

„სანქციების ნახევარზე მეტი მიმართულია ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვზე. ჩვენ მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის ამ იარაღის წარმოების შესაძლებლობას, რომელსაც ის უკრაინელების დასახოცად იყენებს. მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს 77-ჩანაწერიანი სია ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გამართულ ფარსულ კენჭისყრაში მონაწილეთა წინააღმდეგ. მოსკოვზე ზეწოლა – და არა დათმობები – ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზაა. მინისტრ სიბიგასთან  ერთად, ჩვენ შევაფასეთ ბოლო მოვლენები და უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები. რა თქმა უნდა, პრიორიტეტად რჩება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ამ კვირაში უზრუნველყოფილი იქნება შემდგომი დაფინანსება დრონებისა და რაკეტებისთვის. ძალიან მიხარია, რომ უკრაინამ დღეს მიიღო აუცილებელი კანონები გაფართოების ორი კლასტერის ხვალ გასახსნელად. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და წევრი ქვეყნებისგანაც მოვისმინეთ, რომ ხვალ ყველაფერმა შეუფერხებლად უნდა ჩაიაროს. რუსეთის მიერ გამწვავებულ ჰიბრიდულ თავდასხმებსა და ჩვენს კოლექტიურ პასუხთან დაკავშირებით მინისტრების პოზიცია მკაფიო იყო: ჩვენ ამ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და არა ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით. ჩვენი სიის სათავეშია: მეტი სანქცია, მათ შორის სანქციების 22-ე პაკეტი; სანქციების აღსრულების გაძლიერება; უფრო მკაცრი მოქმედებები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ; ჰიბრიდული თავდასხმების წყაროს იდენტიფიცირება; დაზვერვის მონაცემების უკეთესი გაზიარება. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის 2027 წლის დაფინანსების დეფიციტზეც და ამ კონტექსტში ბევრმა ახსენა რუსეთის გაყინული აქტივები. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი საზღვრების შიგნით უსაფრთხოების რისკების შემცირება. სწორედ ამიტომ განვიხილავდით ჰიბრიდულ თავდასხმებთან დაკავშირებულ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვა, რუსული ტურისტული ვიზების რაოდენობის შემცირება და ყოფილი რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვისთვის სწრაფად განხორციელაბაზე მუშაობა“, – აცხადებს კალასი.

მსგავსი