კაია კალასი – ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გარკვეულწილად დაყოფილები ვართ და, როგორც პრემიერმა მელონიმ აღნიშნა, სხვადასხვა ხმით ვსაუბრობთ, ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
რუსეთი თუ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბალანსის შესანარჩუნებლად ჩვენც მაქსიმალისტური მოთხოვნები უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პორტუგალიაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაულუ რანჟელთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასის თქმით, უკრაინის საკითხზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანი პოზიციით უნდა ისაუბრონ.
„რუსეთს არ სურს, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყოთ და, როგორც ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დიდ ქვეყნებს სურთ, შეთანხმებას ერთმანეთში მიაღწიონ და სხვები პროცესში არ ჩართონ. თუმცა საკითხები, რომლებიც რუსეთს აინტერესებს, მათ შორის სანქციები და გაყინული აქტივები, ევროპული გადაწყვეტილებებია. მოლაპარაკებების მაგიდასთან რომ ნამდვილად ვიყოთ, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ვეთანხმები პრემიერ-მინისტრ მელონისაც, რომ სხვადასხვა ხმით არ უნდა ვსაუბრობდეთ, ერთიანი უნდა ვიყოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საკითხები, რომლებიც რუსეთს სურს, ევროპულ გადაწყვეტილებებსაც მოითხოვს. თუ ამ გზავნილს ერთიანად გავაჟღერებთ, ჩვენს პოზიციასაც გაითვალისწინებენ“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული პოზიციები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები რუსეთის ინტერესებში შედის.
„ჩემი აზრით, ამ დრომდე რუსეთი მხოლოდ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს. მთელი ზეწოლა უკრაინაზე მოდიოდა – როგორც რუსეთისგან, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი სხვა ქვეყნებისგან. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გარკვეულწილად დაყოფილები ვართ და, როგორც პრემიერ-მინისტრმა მელონიმ აღნიშნა, სხვადასხვა ხმით ვსაუბრობთ. ბევრი ხმა, ბევრი ადამიანი და ბევრი გაურკვევლობა – ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. სწორედ ამიტომ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილის ერთგული დავრჩეთ და შევინარჩუნოთ ერთიანობა. თუ რუსეთი მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბალანსის შესანარჩუნებლად ჩვენც მაქსიმალისტური მოთხოვნები უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა კალასმა.
თავის მხრივ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაულუ რანჟელმაც ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას.
„ევროპული პოზიცია ერთიანი უნდა იყოს და მოლაპარაკებების პროცესში მისი წარდგენის ფორმაც მკაფიო უნდა იყოს“, – განაცხადა პაულუ რანჟელმა.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინტერესებს როდესაც სხვადასხვა მომლაპარაკებელი სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენს, ეს ორგანიზაციის ავტორიტეტს აზიანებს.
„დარწმუნებული ვარ, ყველას გვესმის, როდესაც ვქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპა კოორდინაციის გარეშე მოქმედებს, ამით მხოლოდ ხელს ვუმართავთ მათ, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს. ეს მიუღებელია, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი უსაფრთხოების მომავალი დევს“, – აღნიშნა მელონიმ.