კაია კალასი - აშშ-ის გასვლა ევროპიდან გრძელვადიანი პროცესია, რომელთან ადაპტაციაც არის საჭირო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, აშშ-ის გასვლა ევროპიდან გრძელვადიანი პროცესია, რომელთან ადაპტაციაც არის საჭირო. ამის შესახებ კალასმა ოსლოში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ჩვეული მსოფლიო წესრიგი სრულდება და ევროპამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია უნდა შეძლოს.
როგორც კაია კალასმა აღნიშნა, „ეს ეხება არა მხოლოდ აგრესიულ რუსეთს, არამედ აშშ-თან ალიანსის სწრაფ ცვლილებას“.
„სინამდვილეში, თუ გადავხედავთ ტრანსატლანტიკურ პოლიტიკას ან იმას, რასაც აშშ-ის ადმინისტრაცია აკეთებს… ეს არ დაწყებულა ტრამპის ადმინისტრაციით. ბევრი საერთოა სხვადასხვა ადმინისტრაციის პოლიტიკაში. ამიტომ, შესაძლოა, მარტივია, იფიქრო, რომ მოდის ერთი პიროვნება, იმართება არჩევნები, შემდეგ მოდის მეორე პირი, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივას“, – განაცხადა კალასმა.
კალასის თქმით, ოქტომბერში ამერიკელების 40% ევროპელებს უახლოეს მოკავშირეებად მიიჩნევდნენ, ხოლო ევროპელების მხოლოდ 14%-ს ჰქონდა ანალოგიური მოსაზრება.
როგორც კალასმა აღნიშნა, ის სკეპტიკურად არის განწყობილი ევროპული არმიის ფორმირების იდეისადმი.
„მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია, შესაძლოა, ამ ადამიანებს არ უფიქრიათ ამაზე სიღრმისეულად, პრაქტიკული თვალსაზირისით. პრემიერ-მინისტრი თუ ხარ, იცი, რომ გყავს ერთი არმია, გაქვს თავდაცვის ერთი ბიუჯეტი. ნატო-ს წევრი თუ ხარ, მაშინ არ შეიძლება, შექმნა განცალკევებული არმია, იმ არმიის გარდა, რომელიც უკვე გაქვს. კრიზისულ სიტუაციებში მთავარი არის მმართველი ჯაჭვი – ვინ ვის აძლევს ბრძანებას. ევროპული არმია და ნატო თუ გაქვს, მაშინ ბურთი ამ ორ სკამს შორის ხვდება და ეს ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ევროპული თავდაცვა, რომელიც ასევე არის ნატო-ს შემადგენელი ნაწილი და ნატო-ს შემავსებელი რგოლი“, – განაცხადა კალასმა.