კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შენარჩუნებას და ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შენარჩუნებას და ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
კალასის განცხადებით, ევროპაში რუსეთის მიერ დივერსიული თავდასხმებისა და საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები იზრდება. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს, ევროპას უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს.
„ევროპა დივერსიული ქმედებების, თავდასხმებისა და საჰაერო სივრცის დარღვევების სწრაფი გავრცელების წინაშე დგას. მოსკოვი ცდილობს, შეაშინოს ევროპა და აიძულოს, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მისთვის უფრო დიდი ფასის დაწესება. ამის მრავალი გზა არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა უფრო მკაცრი ზომები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და უფრო მკაცრი ზომები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე. რუსეთის ეკონომიკა მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა და ჩვენ მასზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ, რათა რუსეთმა ეს ომი შეწყვიტოს. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი რეაგირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კვლავ მიმდინარეობს განხილვა სანქციების სიიდან გარკვეული პირებისა და ორგანიზაციების ამოღების საკითხზე, თუმცა სანქციების რეჟიმის საერთო მდგომარეობა არ შეცვლილა.
„როგორც ვთქვი, სანქციები რუსეთს ართმევს ფინანსურ რესურსებს, რომლითაც ის ამ ომს აფინანსებს და სწორედ ამიტომ ვაწესებთ მათ. ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა. ეს ძალიან ნათელია. გარკვეულმა წევრმა სახელმწიფოებმა სანქციების სიიდან გარკვეული პირების ამოღების საკითხი დააყენეს და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა ეს განხილვები. აუცილებლად გვჭირდება სტაბილურობა, რათა სანქციები უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს ძალაში. ამიტომ ჩვენ ასევე ვმუშაობთ სანქციების ახალ პაკეტზე, რადგან აშკარაა, რომ არსებობს სურვილი, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომები დაწესდეს, განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა და სხვა მიმართულებების წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ ერთდროულად ორ რამეს ვაკეთებთ: ერთი მხრივ, მოქმედი სანქციების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი სანქციების დაწესებას“, – აღნიშნა კალასმა.
კალასმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე და განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები უნდა შეწყვიტოს.
„რაც შეეხება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, აქაც მოწოდება რუსეთის მიმართ უნდა იყოს, რომ ეს შეწყვიტოს, რადგან უკრაინა უკვე დათანხმდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ვფიქრობ, ორი წლის წინ. ისინი აშკარად არ არიან პრობლემა. ამიტომ ზეწოლა აგრესორზე უნდა განხორციელდეს, რათა მან შეწყვიტოს თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დარწმუნებული ვარ, უკრაინელებიც იმავეს უპასუხებენ“,- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.