კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით აბუ დაბიში გამართული შეხვედრებიდან არაფერს ელოდება
კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით აბუ დაბიში გამართული შეხვედრებიდან არაფერს ელოდება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით აბუ დაბიში გამართული შეხვედრებიდან არაფერს ელოდება. ამის შესახებ კალასმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ გვინახავს რუსეთის მხრიდან, რომ ის სერიოზულად უდგება მოლაპარაკებებს, მაშინ როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობების გარეშე, ხოლო რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჰყავს სერიოზული ხალხი. ამიტომ აბუ დაბიში გამართული შეხვედრებიდან არაფერს ველოდები“, – განაცხადა კალასმა.

კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ამერიკელების ლიდერობას უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით მოლაპარაკებების პროცესში, კალასმა უპასუხა, რომ ამ შეხვედრების შედეგად რუსეთის მხრიდან დათმობები არ ყოფილა.

„ჩვენ მხოლოდ ის ვნახეთ, თუ რისი დათმობის ნება აქვთ უკრაინელებს, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, რუსეთი წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც ის თავის მეზობლებს, უკვე 100 წელზე მეტია, ესხმის თავს. ამიტომ ომის შესაჩერებლად და ომის გაფართოების პრევენციისთვის საჭიროა დათმობები რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნა კალასმა.

ჟურნალისტმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს ჰკითხა, შეშფოთებულია თუ არ ის იმ შესაძლებლობით, რომ უკრაინას, შესაძლოა, მოუწიოს ტერიტორიების დათმობა, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელები არ იქნებიან წარმოდგენილები, რაზეც კალასმა უპასუხა, რომ საბოლოოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, თუ რა დათმობებისთვის არიან ისინი მზად.

„ყველა ომი მთავრდება კომპრომისით ან დათმობებით. მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ როგორია რუსეთის მოლაპარაკებების ტაქტიკა. ისინი მუდამ ითხოვენ მაქსიმუმს. ისინი ითხოვენ იმას, რაც მათი არასდროს ყოფილა, შემდეგ აყენებენ ულტიმატუმებს, იმუქრებიან, იყენებენ ძალას და დასავლეთში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოგცემენ შესაძლებლობას, მოლაპარაკებებიდან იმაზე მეტი სარგებლით წახვიდე, ვიდრე გქონდა. ეს უნდა გვახსოვდეს, რადგანაც პრობლემა უკრაინის არმიის სიდიდეში არაა, რადგანაც უკრაინა არ დასხმია თავს რუსეთს, ხოლო რუსეთის არმიის სიდიდე ნამდვილად არის პრობლემა ყველა მისი მეზობელი ქვეყნისთვის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის სიდიდე კი არის პრობლემა ყველასთვის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიხილოთ, როგორი დათმობები შეუძლიათ მათ“, – განაცხადა კალასმა.

ჟურნალისტი ასევე დაინტერსდა, უჭერს თუ არა მხარს კაია კალასი პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირის წარმომადგენლის გაგზავნას, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ევროკავშირი მუდამ საუბრობდა რუსეთთან, თუმცა ახლა მთავარი საკითხი არის არა ის, თუ ვინ გაესაუბრება რუსეთს, არამედ ის, თუ რისი მიღება გვსურს ამ პროცესიდან. დღეს ვხედავთ სურათს, რომ რუსებს თითქოსდა აქვთ ალიასკაზე გამართული შეხვედრის გაგება ამერიკელებთან და ახლა ელოდებიან ამერიკელებისგან, მიაღწიონ დიპლომატიური გზით იმას, რისთვისაც რუსებს სამხედრო გზით არ მიუღწევიათ. საუბარი მაქვს მთელ დონბასზე, რასაც რუსები ისევ ითხოვენ. თუ ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსებისთვის კიდევ უფრო მეტის შეთავაზება შეგვიძლია, რადგანაც უკრაინამ უკვე ძალიან ბევრი დათმო. ამიტომ მთავარი, რისი მიღწევაც გვინდა, არის დათმობები რუსეთის მხრიდან. მაგრამ ამ დრომდე სიტუაციაა ასეთი: თუ რუსები ფიქრობენ, რომ ისინი მაქსიმუმს იღებენ ამერიკელებისგან, რატომ უნდა მოუნდეთ ევროპელებთან საუბარი? რადგანაც ჩვენ მხოლოდ მოთხოვნებს წავუყენებთ რუსებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა ისეთ პოზიციაში ვიყოთ, როდესაც რუსები მოჩვენებითი მოლაპარაკებებიდან რეალურ მოლაპარაკებებზე გადავლენ, და ეს ნიშნავს ძლიერის პოზიციას“, – განაცხადა კალასმა.