კაფუმ პრემიერლიგა დაადანაშაულა იმაში, რომ ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია #1TVSPORT
ლეგენდარულ ბრაზილიელ მცველს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, კაფუს მიაჩნია, რომ ინგლისურმა ფეხბურთმა ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავთა მენტალიტეტს ზიანი მიაყენა.
კაფუ დარწმუნებულია, პრემიერლიგაში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ალისონი, ედერსონი, გაბრიელ მაგალიაეში, ბრუნო გიმარაეში, დუგლას ლუისი, გაბრიელ მარტინელი, გაბრიელ ჟესუსი, კაზემირო, ლუკას პაკეტა და რიშარლისონი, შეცდომით მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშობენ და ამიტომაც საუკეთესოები არიან.
„ვშიშობ, რაც მეტი ბრაზილიელი გადავა პრემიერლიგაში, მით ნაკლები შანსი ექნება ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების. წარმოიდგინეთ, რომ პრესა ყოველ კვირა უბეჭდავს მათ გონებაში, რომ საუკეთესოები არიან მსოფლიოში, მაგრამ ამ დროს სულაც არ არიან საუკეთესოები.
მე ლა ლიგა მირჩევნია, რადგან მათ სწორი მენტალიტეტი აქვთ, რათა ფინალებში გავიდნენ და ტიტულები მოიგონ. ლა ლიგაში ტელეკამერების წინ არავინ იტყუება ესპანელი მოთამაშეების შესახებ და არ ეწევიან მათ რეკლამას მთელ მსოფლიოში. იქ ლაპარაკობენ ფეხბურთზე და არა მითებზე“, – მოჰყავს გაზეთ The Sun-ს კაფუს სიტყვები.