ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
„ამ ღამით ხელი მოვაწერე ბრძანებულებას და უდიდეს ფეხბურთელს, ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ წევრს, მოჰამედ სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქეობა მივანიჭე. საზეიმო ვახშამზე, რომელიც ეგვიპტის ეროვნული ნაკრების საპატივსაცემოდ გაიმართა, მოჰამედს გადავეცი განკარგულების ასლი და სამკერდე ნიშანი. ეს არის დამსახურებული წოდება. ათასობით ბავშვს, ბიჭებსა და ხანდაზმულ ადამიანებს საშუალება მიეცათ, რომ იხილონ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მოჰამედ სალაჰმა მადლობა გადაიხადა საოცრად თბილი და კარგი მიღებისა და ეგვიპტის გუნდისადმი შესანიშნავი დამოკიდებულებისთვის, ასევე, შესანიშნავი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი „ახმატი“ და ეგვიპტის ნაკრები გროზნოში ამხანაგურ მატჩს გამართავენ“, – წერს კადიროვი თავის Telegram-ში.