კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს ლიცეუმის წარმატებით დამთავრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში ლიცეუმის როლი აღნიშნეს.

წელს ლიცეუმი 87-მა კადეტმა დაასრულა, მათგან 20% ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელები.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტები სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები გადაეცა ყველა კურსდამთავრებულს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, სამსახურებრივი საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები მიიღეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს ჩამოყალიბდა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კადეტები სამხედრო მომზადებას სწავლობენ. ლიცეუმის ხელს უწყობს მომავალ თაობას, რომ ჩამოყალიბდეს თავდაჯერებულ ლიდერად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქედ.