თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი დასრულდა. კადეტებში, როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა შორის რვა-რვა წონითი კატეგორიაა, რომლებშიც ჯამში 32-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა (18 ბიჭი 14 გოგო). საბოლოოდ, კვარცხლბეკამდე მისვლა მხოლოდ ოთხმა მათგანმა შეძლო.
ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალს -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა კაპანაძე დაეუფლა. იგივე სინჯის მედლები კი დღეს კიდევ სამმა ქართველმა მოპოვა. მესამე ადგილები, თავთავიანთ წონებში – ნიკა ზოიძემ (-73), გიორგი შერაზადაშვილმა (-81) და გიორგი რევაზიშვილმა (-90) დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ზოიძემ, მედლისთვის ბრძოლის დამატებით დროში – ბექა სანაია დაამარცხა. ასევე ქართული დაპირისპირება შედგა 81 კილოგრმამდე წონის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, სადაც გიორგი შერაზადაშვილმა, ჯუმბერ კოლხიტაშვილს წუთნახევარში მოუგო.
რაც შეეხებათ გოგონებს, აქ თოთხმეტი ქართველიდან ფინალურ ბლოკამდე მხოლოდ ერთმა – ინდირა სილაგაძემ მიაღწია. -63 კილოგრამი წონითი კატეგეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, საბოლოოდ სილაგაძე, ყაზახეთის წარმომადგენელ – კრისტინა სოტნიკოვასთან დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეხუთე ადგილს დასჯერდა მძიმეწონოსანი (+70) სალომე მამასახლისიც, რომელმაც მედლისთვის ბრძოლა მასპინძელ – სევდა ტასლისთან დათმო.