კადეტებმა რვა წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღნიშნეს
კადეტებმა რვა წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღნიშნეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმმა დაარსებიდან რვა წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.

საზეიმო ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სამხედრო ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ კადეტებს ლიცეუმის რვა წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მიულოცა და წარმატება უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი მედლით „გენერალი კვინიტაძე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და კაპიტანი ირაკლი დეისაძე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დაჯილდოვდნენ. გამოვლინდა საუკეთესო კათედრის ხელმძღვანელი, მასწავლებელი და ინსტრუქტორი, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ. სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით საუკეთესო აკადემიური მოსწრების 13, საუკეთესო მსროლელის სტატუსის მქონე 23 და საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე 15 კადეტი, სამკერდე ნიშნებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

წელს ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, აქედან 22 გოგონაა.