ავსტრალიის კაცნაკლულმა ნაკრებმა საფრანგეთი ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრალიის კაცნაკლულმა ნაკრებმა საფრანგეთი ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრალიისა და საფრანგეთის სამმატჩიანი დაპირისპირება დასრულდა. სანახაობას მონატრებული გულშემატკივრისთვის სამივე ამხანაგური მატჩის ყურება სასიამოვნო იქნებოდა, რადგან დაპირისპირება დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველი მატჩი ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი ფრანგებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და 26 წლის შემდეგ „ვოლაბები“ ავსტრალიაში პირველად დაამარცხეს.

გადამწყვეტი თამაში პირველის მსგავსად ბრისბენში იმართებოდა. მე-5 წუთზე ყურადღების ცენტრში მატჩის მთავარი არბიტრი, ბენ ოკიფი აღმოჩნდა. მარიკა კორუბიტის მაღალი ბოჭვის განხილვისას, მსაჯმა ვერცერთი შემამსუბუქებელი ფაქტორი ვერ მოძებნა და წითელი ბარათით გარემარბი მატჩის ბოლომდე გააძევა. ავსტრალიაზე ამას გავლენა არ ჰქონია. პირველი ტაიმი გუნდებმა თანაბრად ითამაშეს 20-20.

დაძაბული და სანახაობრივი თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. პირველ ნახევარში ორ-ორ გატანილ ლელოს მეორე ნახევარში თითო-თითო დაამატეს. მიუხედავად იმისა, რომ 75 წუთზე მეტი ავსტრალიელებმა კაცნაკლულებმა ითამაშეს, ძალა ეყოთ, რომ თამაში ბოლომდე მიეყვანათ. ფრანგებმა დასრულებამდე წამებით ადრე ჯარიმა მოიპოვეს, აუტშიც გადაიტანეს, თუმცა გაწითლებულ დროზე ავსტრალიამ მოლი შესანიშნავად დაიცვა და სამმატჩიანი დაპირისპირება თავიანთ სასარგებლოდ დაასრულა.