კაჭარავამ კვიპროსში გაიტანა – ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლიდერია

09:57, 08.12.2019

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფანაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის პირველი დივიზიონის (მთავარი ლიგა) მე-11 ტურში ქვეყნის თასის მფლობელი ლიმასოლის „აელი“ დაამარცხა 2:0 და ლიდერობა განიმტკიცა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ოთხივე ქართველმა, გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კაჭარავამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. ქეცბაიამ მხოლოდ კაჭარავა შეცვალა და ისიც – 83-ე წუთზე. დანარჩენებმა 90 წუთი ითამაშეს.

ლიმასოლის გუნდის დამარცხებაში თავისი წვლილი ნიკა კაჭარავამ შეიტანა, რომელმაც სტუმართა კარი 38-ე წუთზე აიღო. 25 წლის თავდამსხმელმა შეხვედრა მაღალ დონეზე რომ ჩაატარა, ამაზე ფამაგუსტელთა ოფიციალური გვერდის დაწყებული გამოკითხვა მეტყველებს – ნიკა კაჭარავა იმ სამ მოთამაშეს შორის დაასახელეს, რომელთა შორისაც გულშემატკივრებმა „აელთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე უნდა შეარჩიონ.

ამ მოგებით „ანორთოსისმა“ 27 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ომონიას“ ხუთი ქულით უსწრებს და ჩემპიონატს ლიდერობს.

მსგავსი