კაბო ვერდეს მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანაში პოპულარულები არიან #1TVSPORT
კაბო ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ბრიტომ ქუთაისში საქართველოს ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნების“ მოთამაშეები ამ აფრიკულ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
„რთული და საინტერესო მატჩი ჩავატარეთ. ორივე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი, რადგან ფეხბურთელებმა დავალებები კარგად შეასრულეს. საქართველოს ნაკრებმაც კარგი თამაში ჩაატარა და სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა.
90 წუთის განმავლობაში რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და, ლოგიკურად, უნდა მოგვეგო კიდეც.
გასულ წელს ევროპის ჩემპიონატს თვალს კაბო ვერდეშიც ვადევნებდით და ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა ახლა რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს.
მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენი ნაკრების მოწვევისთვის და იმედია, თქვენს ლამაზ ქვეყანაში კიდევ დავბრუნდებით“.