„ჯვაროსნების“ ამხანაგური მატჩი მაროკოსთან - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე საქართველოს ნაკრები მუნდიალის მონაწილე მაროკოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგაზე გამორჩეული გამოსვლის შემდეგ, ძლიერ ნაკრებს შეხვდება და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება.
საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00-ზე ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მაროკო
წლის დასაწყისში შესანიშნავად ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპის წყალობით, მაროკო ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდმა ექვსი გამარჯვება მოიპოვა I ჯგუფის ექვს მატჩში, დაიკავა პირველი ადგილი და გავიდა პლეი-ოფში, სადაც ჯამში 5:2 დაამარცხა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
მაროკო მიემგზავრება ყატარში, რათა გააუმჯობესოს ოთხი წლის წინანდელ მუნდიალზე ნაჩვენები შედეგი, როდესაც B ჯგუფის სამი მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო. მათ სურთ გაიმეორონ თავიანთი საუკეთესო შედეგი, რომელიც 1986 წელს აჩვენეს, როდესაც პლეი-ოფში გავიდნენ.
საინტერესოა, რომ მაროკო ზედიზედ ხუთ მატჩში დაუმარცხებელია. გუნდი ამჟამად ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით აფრიკაში მეორეა.
საქართველო
საქართველომ ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. სანიოლის გუნდმა პირველი ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო – მერე კი იყო კოსოვოსა და შვედეთის წინააღმდეგ ზედიზედ ორი გამარჯვებით დაწყებული წარმატებული სერია.
შემდეგ „ჯვაროსნებმა“ სამ ამხანაგურ მატჩში ორი მოგება და ერთი ფრე დააფიქსირეს, ხოლო ერთა ლიგის C4 ჯგუფი დიდი წარმატებით დაასრულეს. საქართველო ერთა ლიგაზე ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთი დაუმარცხებელი ნაკრები აღმოჩნდა – გუნდმა ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ევრო2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჯამში, საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა – ცხრა მოგება და ორი ფრე. ბოლოს გუნდი 2021 წლის ოქტომბერში ბათუმში საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. ასევე შთამბეჭდავია დაცვის თამაში – რვა მატჩში გოლი არ გაუშვია, სულ კი ამ 11 მატჩში 4 გოლი გაუშვა.
შემადგენლობები – სანიოლის გამოცანა
ვილი სანიოლის შემადგენლობის გამოცნობა ხშირად შეუძლებელია. მან გუნდში 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ხვიჩა კვარაცხელიამ 1-ელ ნოემბერს „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი გამოტოვა და 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ერთა ლიგაზე შვიდი გოლი აქვს გატანილი, მატჩს გამოტოვებს.
მაგრამ მხოლოდ ხვიჩა არაა „ჯვაროსნების“ დანაკლისი – წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო ვერ ითამაშებენ. ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე კი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.
ნაკრებში ორი დებიუტანტია – გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, სანიოლმა გუნდში დააბრუნა სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე და დავით ვოლკოვი.
მაროკოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
ბონო; ჰაკიმი, საისი, დარი, მაზრაუი; ამრაბატი, უნაჰი, ჰარიტი, ბუფალი, ზიეჩი, ენ-ნესირი