„ჯვაროსნები“ ბულგარელების წინააღმდეგ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
„ჯვაროსნები“ ბულგარელების წინააღმდეგ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, დღეს, 5 ივნისს, საქართველოს ნაკრები რაზგრადში ბულგარეთის ნაკრებს ეთამაშება.

ჩვენი ნაკრებების დაპირისპირება 18 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ გუნდებმა ექვსჯერ ითამაშეს და „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ერთხელ მოიგეს.

 

საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ

ევრო 1996 შესარჩევი ეტაპი

1994 წლის 12 ოქტომბერი ბულგარეთი – საქართველო 2-0

1995 წლის 11 ოქტომბერი საქართველო – ბულგარეთი 2-1

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

2008 წლის 15 ოქტომბერი საქართველო – ბულგარეთი 0-0

2009 წლის 14 ოქტომბერი ბულგარეთი – საქართველო 6-2

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები

2005 წლის 12 ნოემბერი ბულგარეთი – საქართველო 6-2

2021 წლის 8 სექტემბერი ბულგარეთი – საქართველო 4-1

 

ბულგარეთის შემადგენლობა

ერთა ლიგის C4 ჯგუფის ივნისის მატჩებამდე ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები ტურნირის სტარტამდე ორი კვირით ადრე დაასახელა.

მეკარეები: ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი), სვეტოსლავ ვუცოვი (სლავია), ივან დიულგეროვი (ჩერნო მორე)

მცველები: პეტკო ხრისტოვი (სპეცია, იტალია), ანდრეა ხრისტოვი (კოზენცა, იტალია), ივან ტურიცოვი (ცსკა სოფია), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ედისონ იორდანოვი (ვესტერლო, ბელგია), ბოჟიდარ ჩორბაჟისკი (სტალი, პოლონეთი), პლამენ გალაბოვი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე)

ნახევარმცველები: გეორგი მილანოვი, ფილიპ კრასტევი, ადრიან კრაევი (ყველა – ლევსკი), გიორგი კოსტადინოვი (არსენალი, რუსეთი), ტოდორ ნედელევი (ბოტევი),კრისტიან მალინოვი (ლეუვენი, ბელგია), ივაილო ხოჩევი (ცსკა სოფია), დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი)

თავდამსხმელები: კირილ დესპოტოვი (ლუდოგორეცი), ათანას ილიევი (ასკოლი, იტალია), გეორგი იომოვი (ცსკა სოფია), გეორგი მინჩევი (რიგა, ლატვია), რადოსლავ კირილოვი (სლავია), მარტინ მინჩევი (სპარტა, ჩეხეთი)

 

მასპინძელთა საკადრო პრობლემები

პეტროვმა ერთა ლიგაზე გუნდის სრული შემადგენლობით შეკრება ვერ შეძლო. პირველ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბულგარელთა მწვრთნელი იძულებული გახდა, გუნდში ცვლილებები შეეტანა. ბელგიურ „ლეუვენის“ მოთამაშე კრისტიან მალინოვი ტკივილებს უჩიოდა და მწვრთნელმა ის სოფიას „ლევსკის“ ნახევარმცველით, ფილიპ კრასტევით შეცვალა.

ტრავმების გამო ბულგარეთს ასევე ვერ დაეხმარებიან ედისონ იორდანოვი, რადოსლავ კირილოვი, გეორგი იომოვი და პლამენ გალაბოვი. ჩრდილოეთ მაკდონიასთან ერთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ კი ტრავმირებულთა სიას სოფიას ცსკა-ს ფლანგის შემტევი გეორგი იომოვი შეუერთდა, რომელსაც ტერფის ტრავმა აწუხებს, მაგრამ ის საქართველოსთან მატჩამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. კრისტიან მალინოვიც უკეთ გრძნობს თავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შეძლებს თუ არა მომავალ მატჩში ნაკრების დახმარებას.

სამაგიეროდ, საქართველოსთან მატჩამდე გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს პლამენ გალაბოვმა და რადოსლავ კირილოვმა.

 

მთავარი მწვრთნელის პოსტი შეირყა

ერთა ლიგის პირველ ტურში ჩრდილეოთ მაკედონიასთან ფრედ (1:1) დასრულებულმა მატჩმა იასენ პეტროვის პოზიცია შეარყია. გამოცემა „ტრუდის“ ინფორმაციით, ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დატოვებს, თუ გუნდი საქართველოსთან ვერ მოიგებს. ეს მწვრთნელს და გუნდსაც რთულ პოზიციაში ადგებს. ნერვიულობა კი აშკარად შეინიშნება, რადგან ბულგარელები მიხვდნენ, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ქვეყნის ამბიცია ჯგუფში უპირობო პირველობაზე უსაფუძვლოა.

 

წიტაიშვილის გარეშე 

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაზგრადში უკვე ორი დღეა იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 28 ფეხბურთელის შემადგენლობით გამართა.

უკვე ცნობილია, რომ ბულგარეთთან განაცხადში არ იქნება გიორგი წიტაიშვილი. მიზეზი გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში მიღებული დაზიანებაა. 21 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის გუნდთან ერთად ბულგარეთში იმყოფება და მომდევნო მატჩებში მონაწილეობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

 

ერთა ლიგის სტარტი

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გიბრალტართა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო – 4:0, ბულგარელები კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდნენ (1:1) და „ჯვაროსნებთან“ მხოლოდ მოგება სურთ.

 

არბიტრი ხვიჩას გუნდის ქალაქიდან 

ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა უმსაჯებს. მთავარი არბიტრი 41 წლის ფაბიო მარესკა იქნება. მსაჯი პროფესიით მეხანძრეა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის, „ნაპოლის“ ქალაქიდანაა.

მას დაეხმარებიან ჯოვანი ბაჩინი და მარკო ბრესმე, მეოთხე მსაჯიც იტალიელი, ფრანჩესკო ფურნო იქნება. მსაჯების დამკვირვებელად შვეიცარიელი ანდრეას შლუხტერი იმუშავებს, ხოლო უეფა-ს დელეგატად – რუმინელი ფელიქს გრიგორი.

 

ტელე და რადიო რეპორტაჟები

უეფა-ს ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მატჩი ბულგარეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის 5 ივნისს (კვირას) 22:45 საათზე რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).