ბულგარეთთან 41 წლის ნეაპოლელი გვიმსაჯებს - არბიტრი, რომელსაც „მილანთან“ პრობლემები ჰქონდა, სერია ა-ს ისტორიაში შევიდა #1TVSPORT
ბულგარეთთან 41 წლის ნეაპოლელი გვიმსაჯებს - არბიტრი, რომელსაც „მილანთან“ პრობლემები ჰქონდა, სერია ა-ს ისტორიაში შევიდა #1TVSPORT

უეფა-მ მსაჯები ერთა ლიგის თამაშებზე გადაანაწილა და ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს მეორე ტურში იტალიელ მსაჯთა ბრიგადა უმსაჯებს.

მატჩის მთავარი არბიტრი ფაბიო მარესკა იქნება. 41 წლის არბიტრი 1997 წლიდან მსაჯობს, სერია ა-ში – 2016 წლიდან, ხოლო საერთაშორისო მატჩებს – 2020 წლიდან. მისი სახელი დარჩება აპენინების ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ის იყო პირველი მსაჯი, რომელმაც სერია ა-ს პენალტი ვიდეორეფერით დანიშნა ტურინში „იუვენტუსი“-„კალიარის“ (3:0) შეხვედრაში.

2016 წლიდან 2019 წლამდე მოიგო იტალიაში სამი ყველაზე პრესტიჟული სამსაჯო ჯილდო. აღიარეს წლის დებიუტანტ არბიტრად, 2019 წელს – ყველაზე პროგრესირებად მსაჯად, ხოლო 2019 წელს – იტალიის პირველი არბიტრის ჯილდო გადასცეს და უკან მოიტოვა დანიელ დოვერი, მასიმილიანო ირატი, დავიდე მასა და პაოლო ვალერი. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელი მსაჯი პროფესიით მეხანძრეა.

საინტერესოა მისი სტატისტიკა: ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 5-ზე ნაკლები ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო 9 მატჩში მოედნიდან არავინ გაუძევებია. მარესკას იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ქედმაღალ არბიტრს უწოდებენ. 2021 წლის 10 აპრილს, „პარმა“-„მილანის“ (1:3) მეორე ტაიმში, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი აჩვენა. იბრაჰიმოვიჩი ამტკიცებდა, რომ მსაჯისთვის ზედმეტი არაფერი უთქვამს და დისკვალიფიკაციას არ იმსახურებდა.

„კორიერა დელა სერას“ მტკიცებით, იტალიის ფეხბურთის მსაჯთა ასოციაციასაც არ მოეწონა მარესკას მოქმედება და მას შვედთან დაკავშირებული უხერხული ვითარების გამო გარკვეული პერიოდით „მილანის“ მატჩების მსაჯობა აუკრძალეს.

სკანდალი მარესკასთვის უცხო არ არის, მას იტალიურ პრესაში „ქედმაღალი“ უწოდეს, როდესაც 2020 წლის დეკემბერში, „რომა“-„სასუოლოს“ მატჩში პედროს წითელი ბარათი აჩვენა, „ინტერის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე შეეკამათა და ისიც გააძევა.

ერთა ლიგის მატჩში ბულგარეთის და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის გაძღოლაში ფაბიო მარესკას თანაშემწეების რანგში დაეხმარებიან ჯოვანი ბაჩინი და მარკო ბრესმე, მეოთხე მსაჯი კი ფრანჩესკო ფურნო იქნება. ამას გარდა, ცნობილია მსაჯი დამკვირვებელი – ამ როლში შვეიცარიელი ანდრეას შლუხტერი იმუშავებს, ხოლო უეფა-ს დელეგატი რუმინელი ფელიქს გრიგორი იქნება.

უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის მატჩი ბულგარეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის 5 ივნისს (კვირას) 22:45 საათზე რაზგრადისლუდოგორეც არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.