ჯულიან ასანჟის დაკავებას ბრიტანეთსა და ეკვადორში აქციები მოჰყვა
ჯულიან ასანჟის დაკავებას ბრიტანეთსა და ეკვადორში აქციები მოჰყვა

„ვიკილიქსის” დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა როგორც გაერთიანებულ სამეფოში. საზოგადოების ნაწილი პროტესტით შეხვდა ასანჟის დაკავებას ეკვადორშიც – ქვეყანაში, რომლის ლონდონში მდებარე საელჩოსაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თავს აფარებდა ჯულიან ასანჟი.

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ ავსტრალიური წარმოშობის ჯულიან ასანჟს ქვეყნის საკონსულო ისეთივე დახმარებას გაუწევს, როგორც სხვა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ კანონი დაარღვიეს.

ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა, თუმცა პოლიტიკური თავშესაფარი ქვეყანამ მას მოულოდნელად მოუხსნა. ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს განმარტებით, ასანჟის ქცევებთან მიმართებაში ეკვადორმა საკუთარი ლიმიტი ამოწურა.

მორენოს თქმით, ჯულიან ასანჟი საელჩოში ბლოკავდა უსაფრთხოების კამერებს, უნებართვოდ ჰქონდა წვდომა უსაფრთხოების დოკუმენტებთან და დაპირისპირება ჰქონდა მცველებთან. მან ასევე დაადანაშაულა საელჩო ფარულ თვალთვალში. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვარში, „ვიკილიქსის” მიერ ვატიკანის დოკუმენტების გასაჯაროებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჯულიან ასანჟს „ვიკილიქსთან” კავშირი არ შეუწყვეტია.

ახლა ასანჟი ჩელსი მენინგის დახმარებისა და საიდუმლო დოკუმენტაციების გასაჯაროების გამო, მისი აშშ-ის ექსტრადირების საკითხზე, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ელოდება.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულ ასანჟს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ.