„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ჯულენ ლოპეტეგი აცხადებს, რომ მის გუნდს უიღბლობის პერიოდი უდგას და სწორედ ეს არის სამმატჩიანი უგოლო სერიის მთავარი მიზეზი. გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მადრიდელები მოსკოვს ეწვივნენ და ადგილობრივ „ცსკასთან“ 0-1 დამარცხდნენ.
მატჩის ერთადერთი გოლი უკვე 65-ე წამზე, ტონი კროოსის შეცდომას მოჰყვა, რომლითაც ნიკოლა ვლასიჩმა ისარგებლა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩის განმავლობაში „რეალი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა მოსკოველთა კარის აღება ვერა და ვერ მოხერხდა. დასამახსოვრებელია კაზემიროსა და ბენზემას დარტყმები, მაგრამ მასპინძლები ორივე შემთხვევაში ძელმა იხსნა.
„ერთი გოლი ყველაფერს შეცვლიდა და სწორედ ეს ერთი გოლი დაგვაკლდა. იღბალმა ზურგი გვაქცია, არადა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ლოპეტეგიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ბოლოს გოლი 22 სექტემბერს, „ესპანიოლს“ გაუტანა და მას შემდეგ მეტოქის კარი არც ერთხელ არ აუღია (სევილია 3-0 რეალი, რეალი 0-0 ატლეტიკო, ცსკა 1-0 რეალი).