ჯუანშერ ბურჭულაძეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა
ჯუანშერ ბურჭულაძეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას თურქმა კოლეგამ, ჰულუსი აკარმა უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა.

„მხარეებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობას, საერთაშორისო მისიებში ერთობლივ ნაყოფიერ მონაწილეობას და ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებს“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველ იონ ოპრიშორს.