ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას
ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობას და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვისა და და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის როლი უფრო გაიზრდება.

„ნატო-სთან კიდევ უფრო დაახლოებისა და საბოლოოდ, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ყველა არსებულ მექანიზმს ვიყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უალტერნატივო ალიანსია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობასა და არსებული პოლიტიკური ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. თავდაცვის სამინისტრო ასევე მაქსიმალურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევის გზაზე სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა დეპუტატებს თანამშრომლობის ფორმატებსა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, მათ მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ალიანსთან თანამშრომლობის პროცესში, მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელებასა და ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებებსა და ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ერთობლივი მონაწილეობა, 2021 წლიდან ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობა.

„წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის უდიდესი პროექტია პარტნიორ ქვეყნებთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებს შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკას“, – აღნიშნა მინისტრმა.