ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია.

მათივე განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობას ისახავს მიზნად. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების შესახებაც ისაუბრა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელობაზე საუბარს; რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.

აღინიშნა, რომ რუმინეთთან თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო განათლების, ერთობლივი წვრთნების, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში რუმინეთის ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვანია.

ვიზიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებას, რაც არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, გაფორმდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. მოგვიანებით, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.