ჯუანშერ ბურჭულაძე - გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ ექვს საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ მონაწილეობას დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში
ჯუანშერ ბურჭულაძე - გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ ექვს საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ მონაწილეობას დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და, სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანიაა, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო სწავლებაში – „დამცველი 2023“ საქართველოს არმონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს.

„შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ ექვს საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას. ეს კონკრეტული შემთხვევა უკავშირდებოდა მხოლოდ ლოგისტიკური მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდან არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ბურჭულაძის განცხადებით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოგისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.