ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო 
ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სოფიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო.

თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ოკუპაციასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ მინისტერიალის მონაწილეებმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 2017 წელს საქართველომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.