ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრძოლისუნარიანობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მყარი საფუძვლები
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრძოლისუნარიანობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მყარი საფუძვლები

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართველ ჯარისკაცებს სიმამაცისა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ამ მოკლე დროის განმავლობაში ქართულ ჯარს მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ უდიდესი ღვაწლის გააზრების გარეშე, რომელიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს და მსხვერპლი გაიღეს საქართველოს ერთიანობისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. სწორედ მათ გმირობასა და თავდადებაზე აშენდა ძლიერი ქართული ჯარი, რომელიც მზადაა, საკადრისი პასუხი გასცეს ჩვენს მოწინააღმდეგეს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა.

„მიმდინარე წელი, ისევე როგორც გასული 2020 წელი, დიდი გამოწვევებით აღსავსეა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების უმაღლესი ნდობა და ყველას ნათლად აჩვენეს, რომ ჩვენი ჯარი ყოველთვის მზადაა, ღირსეულად დადგეს ქვეყნის სადარაჯოზე. უკანასკნელ პერიოდში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში, ჩვენ არაერთ თვალსაჩინო წარმატებას მივაღწიეთ და ჩვენი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასებისა და მათთვის ღირსეული პირობების განვითარების მყარი საფუძვლები. მომავალშიც გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც მკვიდრდება ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტები. არსებითად განვაახლეთ ჯარის ლოჯისტიკური საშუალებები და გავზარდეთ მობილურობის ხარისხი. თანმიმდევრული რეფორმების გატარებით, ჩვენ მნიშვნელოვნად ავამაღლეთ ჩვენი სამხედროების სოციალური პირობები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი