ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც არის ნაპოვნი
ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც არის ნაპოვნი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც არის ნაპოვნი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვის ძალებში და, ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობენ. ალბათ საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.