JP Morgan-ის ეკონომისტი - საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან თქვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია
JP Morgan-ის ეკონომისტი - საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან თქვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია

საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეროვნულმა ბანკმა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, – ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის, JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან, ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.

„ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით“, – აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.

მისივე თქმით, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინფლაცია საქართველოში შედარებით დაბალია.

„ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი – პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები“, – განაცხადა ხამზა შარიფზოდამ.

ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan-ი, Morgan Stanley Investment Management-ი, Aberdeen-ი, MetLife-ი და სხვა.