ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების გარშემო დავის მოგვარება ვერ შეძლეს, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების გარშემო დავის მოგვარება ვერ შეძლეს, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება

სერბეთმა და კოსოვომ სანომრე ნიშნების გარშემო დავის მოგვარება ვერ შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მხარეებს შორის დიალოგი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო სერბეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ახალი წესების ამოქმედებას პირველი სექტემბრიდან აპირებს. კერძოდ, პრიშტინაში მოითხოვენ, რომ კოსოვოში შესვლის დროს სერბეთის მოქალაქეებმა ადგილობრივი სანომრე ნიშანი აიღონ. ამის წინააღმდეგ გამოდიან კოსოვოში მცხოვრები სერბები. მათ პროტესტს ივლისში კოსოვოსა და სერბეთის გამყოფ ხაზზე შეტაკებები მოჰყვა. ევროკავშირისა და აშშ-ის თხოვნით კოსოვოს ხელისუფლება ახალი წესების ამოქმედების პირველ სექტემბრამდე გადადებას დათანხმდა.

„როიტერის“ ცნობით, უთანხმოების მოსაგვარებლად დღეს ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ, თუმცა მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

„მაგრამ ეს ისტორიის დასასრული არ არის. პირველ სექტემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო, მე არ ვნებდები. ახლა ევროპისთვის კრიტიკული დრო დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა ჩვენს კონტინენტზე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ჩვენ ძალიან დრამატული და საშიში მომენტის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.