ჯოზეფ ბორელი - ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, უკრაინამ  შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით
ჯოზეფ ბორელი - ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, უკრაინამ  შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოთ სამხედრო დახმარება.

„მე არ მივმართავ თეოლოგიურ მოსაზრებებს. ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისინი ომს აწარმოებენ არა ბანკნოტებით, არამედ ქვემეხებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით, რათა რუსეთმა ვეღარ მოახდინოს იმ ტერიტორიების ოკუპირება, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ აქვს მიტაცებული და ოკუპირებული“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების კომენტირებისას, რომ არ შეიძლება რუსეთის დამცირება, როგორც ბორელმა აღნიშნა, ეს პოზიცია ასახავს არა იმდენად საფრანგეთის ლიდერის პოზიციას, რამდენადაც არსებულ რეალობას. მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგაც გააგრძელებს არსებობას და საჭირო იქნება იმ გზის განსაზღვრა, რომლითაც ევროპა გეგმავს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას.

„ეს თანაცხოვრება ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში. შეჭრა, აგრესია, უკრაინის ნგრევა – ამ ყველაფერს ყოველ საღამოს ტელეეკრანიდან ვხედავდით და საკუთარი თვალითაც ვნახე ადგილზე. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობა“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.