ჯოზეფ ბორელი - უკრაინაში ომმა დრამატულად შეგვახსენა ევროკავშირის მტკიცე ღირებულებების როლი
ჯოზეფ ბორელი - უკრაინაში ომმა დრამატულად შეგვახსენა ევროკავშირის მტკიცე ღირებულებების როლი

24 თებერვლიდან მთელი ევროპა ხედავს ომის დაბრუნებას თავისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, სადაც ერთ მხარეს არის აგრესორი – რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს, აგრესიის მსხვერპლი – უკრაინა. ეს ომი პირველ რიგში და ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ევროპაზე, რადგან ის მის მიწაზე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის ევროპის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, ის ძალიან ახლო პარტნიორია.

„ისე, როგორც ყოველ წელს, ჩვენ 9 მაისს აღვნიშნავთ ევროპის დღეს და პატივს მივაგებთ რობერტ შუმანის დამფუძნებელ დეკლარაციას, რომელმაც საწყისი დაუდო ევროპულ პროექტს. დღეს ამ დღსასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 24 თებერვლიდან მთელი ევროპა ხედავს ომის დაბრუნებას თავისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, სადაც ერთ მხარეს არის აგრესორი – რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს, აგრესიის მსხვერპლი – უკრაინა. ეს ომი პირველ რიგში და ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ევროპაზე, რადგან ის მის მიწაზე მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, ის ძალიან ახლო პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ყოვლისმომცველი ასოცირების შეთანხმება და ვისი ევროპული მიდრეკილებაც უდავოა. იმ დროს, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ინტეგრაციის პროცესი დიდი წარმატების ისტორიაა, ზოგიერთი ევროპელი ევროპული პროექტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. ბოლო წლებში, სხვადასხვა მხარის დიდი რაოდენობა აგიტირებს ევროკავშირის წინააღმდეგ და ეჭვქვეშ აყენებს მას, მათ შორის ევროკავშირის, როგორც გლობალურ უსაფრთხოებაში მოთამაშის როლს. ომმა უკრაინაში დრამატულად შეგვახსენა ევროკავშირის მტკიცე ღირებულებების როლი, როგორც ევროპელებს შორის მშვიდობის პროექტის და ძლიერი მოთამაშის შესახებ, რომელიც იცავს და ხელს უწყობს უსაფრთხოებას ჩვენს კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ძლიერი როლის შესახებ ოთხი ელემენტი გამოყო. მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოავლინეს ძლიერი პოლიტიკური ერთიანობა აგრესიის წინაშე და გაითავისეს ამ აგრესიის სეიოზულობა და საფრთხე, რასაც მოჰყვა სწრაფი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ბორელის განმარტებით, მეორე ელემენტი იყო პირველად ისტორიაში თავდასხმის მსხვერპლი ქვეყნის დასახმარებლად ფინანსური ფონდის შექმნა, ხოლო მესამე ელემენტი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად კოლექტიური მუშაობა გახდა, რითაც ევროკავშირმა აჩვენა, რომ უფრო ძლიერია, როდესაც მოქმედებს ერთიანად, ვიდრე მაშინ, როდესაც წევრი ქვეყნები მარტო მოქმედებენ.

ბორელის აზრით, მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი არის უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირის ძლიერი, მტკიცე პასუხი და რუსეთის ომის გამო საერთაშორისო ასპარეზზე გავლენის, მათ შორის ეკონომიკური გავლენის თავიდან არიდებაში ჩართვა.

მისი თქმით, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპელთა ინტერესს, ან კონცეფციას – დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, არამედ არის საერთაშორისო პრინციპების დაცვა, რომელიც ერთნაირად ეხება ჩრდილოეთსაც, აღმოსავლეთსაც, სამხრეთსაც და დასავლეთსაც.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არანაკლებ 141-მა სახელმწიფომ ცალსახად უარყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ისინი იცავენ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მომავალი პოტენციური აგრესიებისგან და ეუბნებიან „არას“ ჯუნგლების კანონის დაბრუნებას საერთაშორისო ურთიერთობებში. ისინი ეუბნებიან „არას“ რუსეთის ხელმძღვანელობის სიცრუეს და მრავალმხრივი რელატივიზმის მანტიას, რომლის ქვეშაც ისინი ვითომდა თავიანთ ქმედებებს მალავენ“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.