ჯოზეფ ბორელი - თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული
ჯოზეფ ბორელი - თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული

თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი საერთო ფასეულობებზე, პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში.

„ნება მიბოძეთ, გადმოგცეთ სამი გზავნილი. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული. ამისთვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვთქვი,  ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რათა შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა;

მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს, მცირედით გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ვნახოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელმა ისაუბრა საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.

„წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მე ვაკავშირებ ამას თქვენს საარჩევნო პროცესთან. ჩვენ მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, რომ დაასრულოთ ისინი დაგეგმილ არჩევნებამდე ადრე, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნებისთვის ვენეციის კომისიისა და ოდირის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი: დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, გვყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს თქვენი ხალხისთვის ყოველდიურად. ჩვენ ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვითი თანამშრომლობა ევროპული მშვიდობის ფონდის საშუალებით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერით, რისთვისაც ამ დრომდე გამოიყო 63 მილიონ ევრომდე. ეს მხარდაჭერა მიმდინარე წელს გაიზრდება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ერთ-ერთი უკანასკნელი არის თქვენი შეთავაზება, შეუერთდეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ეს უნდა შეთანხმდეს წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.