ჯოზეფ ბორელი – სერბეთი და კოსოვო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშიში კრიზისის ზღვარზე არიან
სერბეთი და კოსოვო ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ყველაზე საშიში კრიზისის“ ზღვარზე არიან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, არასაჭირო და კონტრპროდუქტიული დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთს შორის ძალიან საშიშ დონეს აღწევს.
მისივე განცხადებით, სერბების გასვლამ კოსოვოს ინსტიტუტებიდან შექმნა ვაკუუმი და ამ ვაკუუმში ყველაზე უარესი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ორივე მხარეს მეტი მოქნილობა სჭირდება.
„კოსოვოს სერბები ინსტიტუტებში უნდა დაბრუნდნენ. კოსოვოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მოქნილობა სანომრე ნიშნების შესახებ და დაუყოვნებლად იმუშაოს სერბთა უმრავლესობის მუნიციპალიტეტების ასოციაციის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე“, – განაცხადა ბორელმა.
კოსოვოს ხელმძღვანელობამ სერბებს სერბეთის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების შეცვლა მოსთხოვა, რის საპასუხოდ, ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს ინსტიტუტების მასობრივი დატოვება დაიწყეს და აქციები გამართეს.