ჯოზეფ ბორელი - საქართველომ უნდა დააჩქაროს რეფორმები, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა
ჯოზეფ ბორელი - საქართველომ უნდა დააჩქაროს რეფორმები, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა

მოგესალმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს ევროპულ გზას ძალიან სერიოზულად უდგებით, – ასე მიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

აღნიშნული განცხადება მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაააკეთა.

„ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველოსთან ჩვენი პირველი ასოცირების საბჭოს სხდომა. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა. ეს საჭიროებს ძალისხმევის ახალ დონეს, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველას მხრიდან. ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროგრესში“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელის თქმით, საქართველომ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროს.

„თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული. ამისთვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვთქვი, ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რათა შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.