ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სასანქციო შეზღუდვების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა.

როგორც ბორელი აცხადებს, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 5.6 პროცენტით შემცირდება, 1 000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც შეადგენდა რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს და 5 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე.

„სანქციები არ არის პანაცეა, მხოლოდ ის ვერ შეაჩერებს ომს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვა რუსეთისთვის: ამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.