ჟოზეფ ბორელი - რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს
ჟოზეფ ბორელი - რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბორელი რუსეთის ამ გადაწყვეტილებას გმობს და მოსკოვს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მოსკოვში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად იყო მიღებული.

„დღეს საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში შეხვედრის დროს შევიტყვე რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის მოსალოდნელი გაძევების შესახებ. მე მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას და უარვყოფ ბრალდებებს, რომ ისინი უცხოელი დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ახორციელებდნენ. ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის, პოლონეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები და 23 იანვარს მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ დემონსტრაციებში მათი დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მონაწილეობისთვის პროტესტი გამოუცხადეს.