ჯოზეფ ბორელი - მოსკოვმა უკრაინაზე მორიგი დიდი შეტევა, შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს 
ჯოზეფ ბორელი - მოსკოვმა უკრაინაზე მორიგი დიდი შეტევა, შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინაზე კიდევ ერთი დიდი შეტევა, შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტისას მან დაინახა, რომ ხალხი მტკიცეა ბრძოლის გაგრძელების თვალსაზრისით და, რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან, აქვთ საკმარისი მოტივაცია.

„თუმცა ისინი ამას ვერ შეძლებენ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. ის, რასაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააკეთებენ უახლოეს თვეებში, რათა უკრაინას მიაწოდონ ინსტრუმენტები რუსული თავდასხმის წინააღმდეგ, გადამწყვეტი იქნება უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ითანამშრომლონ თავდაცვის კომპანიებთან და პრიორიტეტულად მიიჩნიონ უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.