ჟოზეფ ბორელი - მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრი მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც
ჟოზეფ ბორელი - მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრი მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც

ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი მხარეებისთვის კონკრეტულ შეთავაზებას გააჟღერებს.

„ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში და ახლახანს, მარტის დასაწყისში თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავედით. დღეს შეხვედრაზე შევაჯამეთ ამ მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი მიშელი და მისი პერსონალური წარმომადგენელი დანიელსონი, რომელიც განაგრძობს თბილისში ვიზიტს. სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სიტუაცია ყველა მხარისგან მოითხოვს ურთიერთმისაღებ შედეგს“, – განაცხადა ბორელმა.