ჯოზეფ ბორელი - ეუთო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ უკრაინისადმი მხარდაჭერას, ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთო-ს მისიისთვის
ჯოზეფ ბორელი - ეუთო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ უკრაინისადმი მხარდაჭერას, ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთო-ს მისიისთვის

ეუთო-ს წევრები მრავალმხრივ ძალისხმევას მიმართავენ, რომ ევროპის ახალი უსაფრთხოების წესრიგი შექმნან, რადგან ასეთი წესრიგი გვჭირდება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, მინისტერიალზე საუბარი იქნება შექმნილ ვითარებასა და მოქმედების გეგმაზე.

„როგორც უმაღლესი წარმომადგენელი, უსაფრთხოების კომისარი მონაწილეობას მივიღებ ეუთო-ს მინისტერიალში, რომელზეც განვიხილავთ რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების, არამედ ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა. რუსეთი აწარმოებს ომს რუსეთში, რუსეთი ანადგურებს უკრაინას, სისტემატურად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. შევაფასებთ ვითარებას, როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ. ორგანიზაციის წევრები მრავალმხრივ ძალისხმევას მიმართავენ, რომ ევროპის ახალი უსაფრთხოების წესრიგი შექმნან, რადგან ასეთი წესრიგი გვჭირდება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ევროკავშირის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და გამოვაცხადებ, რომ ევროკავშირი დამატებით ერთი მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთო-ს მისიისთვის. როგორც უმაღლესი წარმომადგენელი, წარვადგენ წინადადებას, რომ კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ომის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც ისედაც ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა დავეხმაროთ უკრაინულ პროკურატურას მტკიცებულებების მოგროვებაში; მხარი დავუჭიროთ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს. თუმცა, საჭიროა ამაზე ჯერ თავად ევროკავშირის წევრებს შორის პოზიციების შეჯერება, გაერო-ს წევრთა უმეტესობასთან ერთად. ჩვენი წინადადებები სამი მიმართულებით მუშაობის კუთხით გახლავთ: პირდაპირი მხარდაჭერა სისხლის სამართლის სასამართლოს, მხარდაჭერა უკრაინის პროკურატურას, მხარდაჭერა წინადადებას, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი. ამაზე ვისაუბრებთ წევრ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრებსა და გაერო-სთან“, – განაცხადა ბორელმა.