ჯოზეფ ბორელი - „ჰამასი“ დაფინანსდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა დაესუსტებინათ პალესტინის ადმინისტრაცია „ფატაჰი“
ჯოზეფ ბორელი - „ჰამასი“ დაფინანსდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა დაესუსტებინათ პალესტინის ადმინისტრაცია „ფატაჰი“

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ჰამასის“ შექმნა ისრაელმა დააფინანსა. ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბორელმა ასევე თქვა, რომ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, რაც ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი უნდა იყოს დაწესებული გარედან, რათა დამყარდეს მშვიდობა. მე ამას დაჟინებით ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დაადასტურა, რომ ამის წინააღმდეგია და ამის შესაჩერებლად მათ შექმნეს „ჰამასი“. დიახ, „ჰამასი“ დაფინანსდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა დაესუსტებინათ პალესტინის ადმინისტრაცია – „ფატაჰი“.  ჩვენ თუ არ ჩავერევით, ძალადობა და სიძულვილი გაგრძელდება თაობიდან თაობაში, დაკრძალვიდან დაკრძალვამდე, როდესაც სიძულვილის თესლი, რომელიც ახლა ითესება, ღაზაში ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა ბორელმა.

როგორც მსოფლიო მედია წერს, ისრაელის მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ „ჰამასის“ გაძლიერებას წლების განმავლობაში ისრაელის ხელისუფლება უწყობდა ხელს, მათ შორის, აძლევდა უფლებას კატარს, „ჰამასი“ დაეფინანსებინა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ ბრალდებას უარყოფს.