ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, მზად იყვნენ, გაგზავნონ დამატებითი ძალები კოსოვოში ევროკავშირის სამოქალაქო მისიისთვის
კოსოვოსა და სერბეთს შორის გამწვავების ფონზე, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მზად იყვნენ, გაგზავნონ დამატებითი ძალები კოსოვოში ევროკავშირის სამოქალაქო მისიისთვის, EULEX-ისთვის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მრავალმა წევრმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, გაგზავნოს დამატებითი შესაძლებლობები და ხალხი კოსოვოს მისიაში.
ბორელმა ასევე მოუწოდა კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციული ქმედებებისგან.
„ბარიკადები, ქუჩების გადაკეტვა, ქუჩაში შეიარაღებული ხალხი – ეს არ არის ის, რისი მიღებისთვისაც მზად ვართ. ჩვენ ვერ მივიღებთ ამას პარტნიორებისგან, ვერ მივიღებთ იმ ხალხისგან, რომლებიც ევროპული მომავლისკენ მიისწრაფიან. ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს, ბარიკადები უნდა იქნას აღებული და მშვიდობა უნდა აღდგეს. ევროკავშირის საბჭო მკაფიოდ მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისა და პროვოკაციული ქმედებისგან“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კოსოვოს ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს.
„ბოლო ინციდენტები ადასტურებს, რომ ეს არის ურთიერთობებში შემაშფოთებელი დაღმავალი სპირალი დამაზიანებელი შედეგებით კოსოვოს, სერბეთისა და მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის. აგვისტოს შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ კონფრონტაციის, პროვოკაციებისა და რეაქციების მანკიერ წრეში, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა და გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტები, მათ შორის ჩვენი EULEX-ის მისიისა და კოსოვოს პოლიციის წინააღმდეგ თავდასხმა“, – განაცხადა ბორელმა.