ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო

ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და აცხადებს, რომ ჰუმანიტარული წვდომის პოლიტიზება არცერთი აქტორის მხრიდან არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

„შვიდ თვეზე მეტი ლაჩინის დერეფნის გავლით მოძრაობა შეფერხებულია, ხელახლა გახსნის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებების მიუხედავად, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების პროდუქტები დეფიციტურია ან უკვე ამოიწურა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე შედეგები მოაქვს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ევალება, უზრუნველყოს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების უსაფრთხოება, თავისუფლება და არ დაუშვას კრიზისის ესკალაცია. ჩვენ ცნობად ვიღებთ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გამოთქმულ მზაობას, მოხდეს ასევე საქონლის მიწოდება ქალაქ აღგამიდან. ეს არ უნდა იქნას განხილული ლაჩინის დერეფნის ხელახლა გახსნის ალტერნატივად“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რეგიონში წითელი ჯვრის საქმიანობა შეფერხებულია და მოუწოდებს მისი სრული აღდგენისკენ, სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების ჩათვლით.

„ევროკავშირი და, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, აქტიურად იყო ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესის მხარდაჭერაში, ასევე ბაქოსა და სტეფანაკერტს/ხანკენდის შორის დიალოგის ხელშეწყობაში. ეს ასევე მოითხოვს ყველა მხარის ნამდვილ ერთგულებას მოლაპარაკების შედეგების, საერთო ინტერესებზე და ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებული მომავლის მიმართ“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.