ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობას, გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეფასებინა პრემიერ ღარიბაშვილის ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე

22:35, 06.09.2022

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებიდან მომდინარე ინფორმაციას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის და ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგის მისიის საშუალებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეფასებინა თქვენი ძალისხმევა მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე.

ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ ძალიან მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ომს და აგრესიას უკრაინაში, რეგიონულ გამოწვევებზე გვექნება საუბარი საღამოს ვახშამზე. ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ იმუშაოს ჩვენი სამეზობლოს ძალისხმევის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით ასევე ვიმუშავებთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც გულისხმობს კიბერუსაფრთხოებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო სერიოზულად მოექცა ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გავლენის ქვეშ. ასევე, ვიხილავდით დღეს და გავაგრძელებთ საუბარს იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევების დაძლევაში, მთელი ეს პროცესი ახალი სირთულეების გარეშე რომ გადალახოს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.

„დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ეს სხდომა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, მთელი ეს პოლიტიკური ძალები საქართველოში გამოიყენებენ ამ ისტორიულ შესაძლებლობას, გაზრდიან ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი