ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

„2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რასაც სამწუხაროდ, სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ. დაუყოვნებლივ საჭიროა, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებთან დაბრუნება, წინაპირობების გარეშე“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.